Saturday, June 13, 2020

ოჯახური ძალადობა: დანაშაულიდან პრევენციამდე

ნათია გიგილაშვილის თავისუფლება

როგორ დააღწია თავი ოჯახურ ძალადობას?


ნათია გიგილაშვილი 3 შვილის მარტოხელა დედა და პროფესიით მზარეულია. მისი ქორწინება 13 წელი გაგრძელდა, დაშორების მიზეზი: ოჯახური ძალადობა. დღეს, ის დამოუკიდებელი და შემდგარი ქალია. ჩვენთან ინტერვიუში ის პირველად ყვება ყოფილ ქმართან დაკავშირებულ დეტალებს. ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება, მას შემდეგ, როდესაც თავისულებისკენ მიმავალ რთულ გზას ირჩევ


ახალი დასაწყისი

 
"ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამის" 9 მონაწილეს შორის, პირველი ნათია გიგილაშვილი იყო. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ყვება, მისვლის დღიდანვე მიხვდა, რომ მისი საყრდენი კედელი სწორედ ეს ადგილი იყო. ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ნატო გაგნიძის თქმით, ნათიამ გაიარა კულინარიული კურსები, დაეხმარნენ კომპიუტერული უნარ-ჩვევების, CV-ისა და განაცხადებების შევსების შესწავლაში. მიზანი მიღწეულია, ნათია დასაქმებულია.
"საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ თუ ამდენის მოთმენა და ატანა შემეძლო, ნუთუ არ შეიძლება, რომ ეგ პიროვნება ჩემს ცხოვრებაში აღარ იყოს?! მოდი, ახალი ფურცლიდან დავიწყებ ჩემს ცხოვრებას და ვიქნები ძლიერი" - ნათია
ნათიას ახლანდელ სირთულეს საცხოვრებელი წარმოადგენს. აქვს სამსახური, იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა, მარტოხელა დედისთვის ქირის გადახდა, 3 შვილისა და საკუთარი თავის მოვლა, რთული აღმოჩნდა. შემოსავლის უმეტეს ნაწილს ქირაში იხდის. მერიას მიმართა თუმცა, მხოლოდ სტიქიის შედეგად დანგრევის ან ბანკის მიერ წართმევის შემდეგ შეუძლიათ დახმარება. 
  
 


მსხვერპლთა დასაქმება - თავშესაფრების გამოწვევები


ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფო დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს. აქ ისინი იღებენ სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სხვა საჭირო დახმარებას.  თუმცა, სახელმწიფო თავშესაფარში მოსახვედრად აუცილებელია, რომ მსხვერპლს არ ჰქონდეს სხვა საცხოვრებელი და გაცემული იყოს შემაკავებელი, სამართლებრივი ორდერი ან უნდა არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილება, რომელიც პირს დაზარალებულად ცნობს. თუ მსგავსი დოკუმენტები არ არსებობს, მსხვერპლი მხოლოდ კრიზისული ცენტრის დროებით მომსახურებას იღებს. სახელმწიფო თავშესაფრებში შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში მსხვერპლი 1 თვემდე ვადით რჩება. კრიზისული ცენტრები კი რეგიონებში დღის, ხოლო თბილისში სადღეღამისო მომსახურებას სთავაზობს. 


 

თავშესაფრებისა და მათი გამოწვევების შესახებ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელს, იურისტს, ეკატერინე ბარათაშვილს ვესაუბრეთ. ეკატერინე აღნიშნავს, რომ სერვისები სრულიად ამომწურავია ადამიანის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ პრობლემური არის ქალების დასაქმება. თუმცა, მონდომებული და შრომისმოყვარე ბენეფიციარები ხშირად აღწევენ წარმატებებს და კარიერულად ვითარდებიან. 





ნათია გიგილაშვილი წუხდა, რომ დედებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, კომპანიებში არსებული გრაფიკებით დასაქმება შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლი არის ის ქალი, თუ არა. ეკატერინე ბარათაშვილი გამოსავალს ბაღების ტიპის სპეციალური დაწესებულების შექმნაში ხედავს, სადაც ძალადობის მსხვეპლი ქალები შეძლებდნენ შვილების დატოვებას. საჯარო ბაღებში ყველას მიყვანა შეუძლებელია, თანაც, ხანდახან, ბავშვის დაბადების ადგილისა და თავშესაფრის მდებარეობა განსხვავებულია, რაც კიდევ ერთ ბარიერს ქმნის. 



"ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამის" ფარგლებში შეიქმნა თავშესაფარი, რომელიც მსხვერპლ ქალებს არასტანდარტულ მომსახურებას სთავაზობდა. ნატო გაგნიძე საუბრობს იმაზე, თუ რა განასახვავებს მათ სახელმწიფო თავშესაფრების მიერ მიწოდებული სერვისებისგან და რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ ეფექტური მომსახურების მოდელის დანერგვა.

ნატო გაგნიძე

                                                                                            

 

ძალადობის პრევენცია

პენიტენციური დაწესებულება კედლებს მიღმა


მსხვერპლთან მუშაობა და სერვისების მიწოდება მხოლოდ რეაგირებაა. როგორც ძალადობის ფაქტამდე, ასევე მას შემდეგ, მოძალადესთან კომუნიკაციამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს განმეორებითი დანაშაულის შემცირებას. ნატო გაგნიძე ჩვენთან ინტერვიუში სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადესთან ურთიერთობა მათი ცენტრის მანდატი არ ყოფილა, ამ საკითხზეც მოუწიათ ზრუნვა. ცდილობდნენ იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებას, რომლებსაც შეეძლოთ ამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მთავარ პრობლემად დარჩა ის, რომ სახელმწიფოსთვის მოძალადესთან მუშაობა არ არის პრიორიტეტული. შუამავლის როლის მორგება მათ მოუწიათ. სახელმწიფო თავშესაფრების წარმომადგენელმა, ეკატერინე ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების მიერ მიწოდებული სერვისები მნიშვნელოვანია, მაგრამ მოძალადესთან მუშაობა დადებით შედეგს გამოიწვევს.


"მოძალადეებისთვის ფსიქოთერაპიის კურსების გავლა სავალდებულო უნდა იყოს, რომ ისწავლონ, როგორ მართონ საკუთარი პრობლემები" - ეკატერინე ბარათაშვილი
2019 წელს კანონპროეტი, რომელიც მოძალადის ქცევის კორექციაზე აქტიური მუშაობის დაწყებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა პირველივე მოსმენით მიიღო. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით,   საკანონმდებლო ცვლილება მოძალადისთვის სავალდებულოს ხდის, გაიაროს ქცევის კორექციის კურსი იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა მისთვის დამცავი ორდერის გამოწერა. 


ქცევის კორექცია არ ატარებს დამსჯელობით ხასიათს, ის მოძალადის მენტალური პრობლემების გადაჭრას გულისხმობს. პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ პატიმრების ფსიქო-სოციალური სერვისებით უზრუნველყოფასა და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას გულისხმობს. თუმცა, სახალხო დამცველის 2019 წლის N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომ ანგარიშში საუბარია პატიმართა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე. ამის მიზეზი თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობა, კრიმინალური სუბკულტურის აღმოუფხვრელობა, არასაკმარისი ფსიქოლოგიური სერვისები, პატიმრებს შორის ძალადობა და კონფიდენციალურობის დაუცველობაა. 



არაფორმალური მმართველობის პირობებში, ადგილი აქვს პატიმართა კატეგორიებად დაყოფას და სტიგმატიზირებას. გარდა ფიზიკური ძალადობისა, დაწესებულებები ასევე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებით ხასიათდება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც კრიმინალური სუბკულტურა საკმაოდ მძლავრია.

პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია კონფლიქტების მოსაგვარებლად მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს, პატიმრების ერთამენთთან დაშორებას, სხვადასხვა ან სამარტოო საკნებში გადაყვანას მიმართავს. ასევე, პრობლემას წარმოადგენს არასაკმარისი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. კადრების სიმცირის გამო, 1 ფსიქოლოგს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში უწევს მუშაობა. 


  


პენიტენციური დაწესებულების გარეთ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო ეტაპობრივად მუშაობს. დროთა განმავლობაში, სასჯელის გამკაცრების ნაცვლად, ორიენტირი პრევენციისკენ აიღეს. შს სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს მოძალადეს ელექტრონული სამაჯურის ტარებას.
უშუალოდ მოძალადესა და მსხვეპლთან მუშაობის გარდა, როგორც შშს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს რეგიონებში. საინფორმაციო შეხვედრების მიზანი მესამე პირების ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გააქტიურებაა.


ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი 

ძალადობის პრევენციაზე მუშაობის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია პრობლემის მასშტაბების რეალური განსაზღავრა. სახალხო დამცველის აპარატის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომ რიგი უწყებები არ აწარმოებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ სრულყოფილ სტატისტიკას. სტატისტიკური მონაცემების შერეულად წარმოჩენა ართულებს კონკრეტულად ქალების მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობას. 


ინფოგრაფიკა ასახავს შსს
-ოს სტატისტიკას, სადაც 
მოცემულია ფიზიკური,
იძულებითი, უგულებელ-
ყოფითი, ფსიქოლო-
გიური და სექსუალუ-
რი ძალადობის მსხვერ-
პლთა  რაოდენობა 


საგანგებო მდგობარეობისას ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად, სწორედ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები განიხილება. კორონა ვირუსის შედეგად გამოცხადებულმა
კარანტინმა გაზარდა იმის ეჭვი, რომ ქალებს უფრო დიდი საფრთხე ემუქრებათ, თუ ისინი მუდმივად მოძალადესთან ერთად იმყოფებიან. თუმცა, შსს-ოს ბოლო 2 წლის 4 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, მივიღებთ სხვაობას 27 ქალის რაოდენობით.

სახელმწიფო თავშესაფრებში, ეკატერინე ბარათაშვილის თქმით, მხოლოდ თბილისში შეიმჩენოდა ბენეფიციართა რიცხვის ზრდა. კარანტინის პერიოდში მსხვერპლებს მხოლოდ იქ იღებდნენ. ყოველ 2 კვირაში ხდებოდა თბილისის თავშესაფრის გამოთავისუფლება და ბენეფიციართა რეგიონებში გადანაწილება.


მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურ მონაცემებს შორის დიდი სხვაობა არ არის, ეს კიდე უფრო ცხადს ხდის, რომ უსაფრთხოება არც თავისუფალი გადაადგილებისას იყო უზრუნველყოფილი და პრევენციისთვის უფრო ეფექტური მუშაობა არის საჭირო.

















ავტორისგან: არ გაჩუმდეთ! ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დაცვა და მოძალადის ფსიქოლოგიური დახმარება, ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა უკეთესი. 



 

















No comments:

Post a Comment